„ფასების ზრდა შეიძლება ამ ეტაპისთვის შედარებით უმნიშვნელოა, თუმცა, საბოლოოდ აღდგომის პერიოდის შემდგომ ფასის ზრდა მეტად ხელშესახები გახდება მომხმარებლისთვის“, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ამ ფონზე ძვირდება ნედლი ნავთობი, რაც თავის მხრივ საწვავის გაძვირებას იწვევს.
როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნა, შექმნილი ვითარების გამო კომპანიებმა საერთაშორისო მომწოდებლებისგან პროდუქციის ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბაზარზე კომპანიები წინასააღდგომო პერიოდში ფასების ზრდისგან თავს იკავებენ და ფასდაკლებებს ახორციელებენ. თუმცა, უკვე აღდგომის შემდგომ, მოსალოდნელია ხელშესახები ზრდა.
„გარკვეული ტიპის პროდუქციაზე მომხმარებელი ხედავს ფასის ზრდას“
„ზოგადად ნებისმიერი ბიზნესისთვის, იქნება ეს ადგილობრივი მწარმოებელი თუ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტები, წინასააღდგომო და საახალწლო პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი დრო, რადგან გაყიდვები არის პიკურად გაზრდილი. მომხმარებლები ამ პერიოდში პროდუქციის დიდ ნაწილზე სისტემატურად ხედავენ გარკვეული ტიპის ფასდაკლებას. ამ ორ პერიოდში გაყიდული პროდუქცია, შესაძლოა, სხვა თვეებში გაყიდულ პროდუქციასაც კი უტოლდებოდეს.
ამ პერიოდებში ყოველთვის ცდილობს კომპანია, რომ მაქსიმალურად კარგი ფასი შესთავაზოს მომხმარებელს და თავი შეიკავოს პროდუქციის გაძვირებისგან. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ახლა გარკვეული ტიპის პროდუქციაზე მომხმარებელი ხედავს ფასის ზრდას ყოველდღიურ პროცესში. ეს ზრდა შეიძლება ამ ეტაპისთვის შედარებით უმნიშვნელოა, თუმცა, საბოლოოდ აღდგომის პერიოდის შემდგომ ფასის ზრდა მეტად ხელშესახები გახდება მომხმარებლისთვის.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფასის ფორმირებისას არის საერთაშორისო მომწოდებლის ფასები. ამას შემდგომ ემატება ის სხვა ხარჯები, რაც უკვე ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისთვის გვჭირდება. გარკვეულ პროდუქციაზე ფასის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მომწოდებლებისგან კომპანიებმა ინფორმაცია მიიღეს. თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდა, ჩვენ შესაძლოა ყველა მიმართულებით საერთაშორისო მომწოდებლებისგან მივიღოთ გარკვეული ფასთა ცვლილება“, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.










