ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იმედის ეთერში რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაციის პატრიარქის მიერ შეფასებას:
„პატრიარქმა სამართლიანად აღნიშნა ხელისუფლების წვლილი ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებაში. ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და თუ გავერთიანდებით, საქართველო ისე წინ წავა, ვერ იცნობთ” -განაცხადა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, თუ ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოსთვის სტატუსის მიღებას ხელს უშლიდნენ, უპასუხა რომ პიროვნებებს არ დაასახელებს, თუმცა
„დღევანდელ ოპოზიციაში, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ამის შესახებ უცხოელებმა მითხრეს”.
ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი გადაცემაში „იმედი LIVE“ ოკუპანტ ქვეყანაზეც საუბრობს და საკუთარ პოზიციაზეც:
“რუსეთს რა ვუყოთ, რა, ფარდა ხომ არ არის, გადავწიოთ. რუსეთთანაც უნდა გვქონდეს ის ურთიერთობები, რომ მომავალში ეს არევ-დარევა დამთავრება, შეგვეძლოს მათთან საუბარი, რომ აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად და ცხინვალის რეგიონიც”, – თქვა მან.
მეუფე იაკობის თქმით, “ვერ ხედავს საშიშროებას”, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს და ასე რომ იყოს, იქნებოდა პირველი, ვინც ამაზე ხმას ამოიღებდა.
“რუსო”, “რუსოს” ძახილით არაფერი გამოვა. რომ დავინახო, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, რომელიც მაგაზე ხმას ამოიღებდა. იცით, რომ ცერემონიები არ მიყვარს და აუცილებლად ვიტყოდი მაგას და ცოტა ხისტი და უხეშიც ვიქნებოდი. მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას დღევანდელ პირობებში. ჩვენ ახლა ამერიკასთან საუკეთესო ურთიერთობები უნდა გქონდეს. ევროპისკენ სწრაფვა, ეს ნიშნავს, რომ ყველანაირად განვვითარდეთ, მაგრამ ევროპას ჩვენგანაც ბევრი რამე აქვს სასწავლი”, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.










