ასტრონომებმა პირველად მოახერხეს ჩვენი მზის სისტემის ფარგლებს გარეთ მტვრის ქარიშხლის აღმოჩენა. ამის შესახებ BBC წერს .
გამოცემის ინფორმაციით, ქარიშხალი პლანეტაზე VHS 1256b დაფიქსირდა, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის მანძილზეა. აღმოჩენის გაკეთებაში კი სპეციალისტებს კოსმოსური ტელესკოპი „ჯეიმს უები“ დაეხმარათ.
ტელსკოპის მიერ აღმოჩენილი მტვერი სილიკატების ნაწილაკებს წარმოადგენს – კაჟბადისა და ჟანგბადის შენაერთებს. ასტრონომები განმარტავენ, რომ ეს ქარიშხალი არ ჰგავს დედამიწის უდაბნოების ქარიშხლებს.
„წარმოიდგინეთ ქვიშის მარცვლები, ოღონდ ჩვეულებრივზე გაცილებით პატარები, როგორც ბოლი. დაახლოებით ასე გამოიყურება ღრუბლები VHS 1256b-ზე, ოღონდ ისინი ძალიან ცხელია, იმიტომ რომ თვითონ პლანეტაც ახალგაზრდა და ძალიან ცხელია“, – განმარტავს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბეტ ბილერი.
პლანეტა VHS 1256b ტელესკოპ „ვისტას“ მეშვეობით ჯერ კიდე 2015 წელს აღმოაჩინეს. ის „სუპერ იუპიტერის“ კლასს მიეკუთვნება, თუმცა მასით იუპიტერზე 12-18-ჯერ მეტია.