შეუერთდაო მარადისობას… იქ ზეცის სუფრას შემატებ ლაზათს, შენი რითმები დაატკბობს სმენას … დიადთა შორის დაიდებ ალაგს. ჩვენ კი, უძვირფასესი საჩუქარი დაგვიტოვე-შენი კრებული . მოგონებებს აგვიშლის ალბათ, ძალია გვატკენს და აგვაცრემლებს , მაგრამ იმ სიტკბოსაც განგვაცდევინებს ერთად ყოფნის ბედნიერება, რომ ერქვა.
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა !
,,არ მომკვდარა-გარდაიცვალა!
თავის წიგნს ელოდა,ხელი შეავლო,რამდენიმე ავტოგრაფით გააჩუქა და წავიდა…”-წერს ნონა ქურასბედიანი.
ეს ლექსი ერთ-ერთი ბოლოა თამარის შემოქმედებიდან:
ჩემი შემოდგომა
ამ შემოდგომების ჩამტკბარ სამოთხეში
ქარი თბილია და მთვარე შეშლილია!
ვიცი, მალე მოთოვს — ასე, სამ-ოთხ დღეში ,
ვაი, თუ შესცივდა?! როგორ მეშინია!
ფერთა ფეტიშია — მზისფერი აქვს დაისს,
ნოემბრისფერ ზეცას, მივდევ კიდე-კიდე.
როგორ მეშინია დაზამთრების მაინც —
ვაი, თუ გამექცა და ვერ გავეკიდე?!
წამებს, ძნელად დათვლილს, სევდაც კი ჰქონია,
დნება… დნება ტკბილად დღეები და მწარედ
მეფიქრება ზამთრის ცივი სიმფონია —
ვაი, თუ ეტკინა, და ვერ დავაწყნარე?!
დატყობია ფოთოლს, ბოლო ღელვა, თითქოს,
და ძნელია ახლა წასვლა ამ ჩეროდან…
ვიცი, მალე მოთოვს, მაგრამ, ყველა ფიქრობს:
— იქნებ ვუყვარდი და.. მე კი არ მჯეროდა?!
დაასრულე ფიცი, ბარემ, დავაც დროსთან,
ქარო, ბარემ ხეებს, ოქრო და მშვენება
გააძარცვე — ვიცი, მალე დამათოვს და…
მალე დამტოვებს და.. რაღა მეშველება?!
ქარი ტანში ცივად, ერთვის დღეებს მზიანს,
გული ამოვარდათ გადამტვრეულ რტოებს!
თოვლია თუ წვიმა, ჩემთვის რა აზრი აქვს…
თუკი არ მოვა და თუკი მიმატოვებს?!