როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე 10 თავით მაღლა დგას, როგორც ადამიანის უფლებების, ის დემოკრატიის თვალსაზრისით.
„არ მინდა შევიდე პოლემიკაში ზელენსკისთან, ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ მიმაჩნია საჭიროდ ამაზე რეაგირება. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა, როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ 10 თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით.
შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, შიშველი პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.