ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს. რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში – არ ვიცი ქვეყანაშია თუ არა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ საქართველო დატოვა, ასევე ინფორმაციას, რომ ნამორაძის პროექტი, რომელიც ფიზკულტურის ინსტიტუტს შეეხება, „სართულებისა და კოეფიციენტების მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის, ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი.
„[ნოშიკო ნამორაძის მშენებლობების მიმართ] მე არ მგონია, რომ რაიმე მიდგომა შეცვლილიყოს. რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა იქნება სრული. ნებისმიერი ბიზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს, იქნება სრული მხარდაჭერა. არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის, რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ, მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს. რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ. არ ვიცი ქვეყანაშია თუ არა. კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვეულებრივი საქმეა. ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო, ვინ სად წავა, ეს არის ბიზნესმენის საქმე. ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.