ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც [„გახარია საქართველოსთვის“], „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები – არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ გახარიას პარტიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე გაუკეთებია.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რა ვარიანტები არსებობს, რომ გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ.
„რა თქმა უნდა, მანდატების შეწყვეტას ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ზოგადად, არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში, უნდა იყვნენ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი: თუ გააცდენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს და მეორე: თუ განცხადებას დაწერენ. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც – „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში, შეუწყდეს მანდატები“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, „მთელი ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია“.
„ყველა მინდა შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ. ჩვენი წვლილიცაა ამ ყველაფერში. მაგრამ, პირველ რიგში, „დიფ სთეითმა“ თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. „დიფ სთეითის“ სურვილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურა რადიკალურ ოპოზიცია. რაც შეეხება შიდა კინკლაობას, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია, ეს მათი სისუსტის გამოვლინებაა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათ აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს, მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არაა. საინტერესო ესაა, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მაშინვე დაიხიეს უკან. რატომ? – იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა. რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს პერსონალური საკითხია. პოლიტიკურად, ისინი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი არიან ერთი მიზეზის გამო – მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“,- განაცხადა კობახიძემ.