არქიმანდრიტი, მამა ნიკოლოზი 89 წლის გახდა. მისალოც წერილს სოციალურ ქსელში დეკანოზი სერაფიმე დანელია აქვეყნებს:
“დღეს ჩვენს მამა ნიკოლოზს 89 -ე წელი შეუსრულდა! ![]()
ვულოცავ შორიდან და ჩვენდა სანუგეშოდ დღეგრძელობას და ჯანის სიმრთელეს ვუსურვებ!
თქვენთვის კი მისი ბაგეებიდან აღმოცენებული მარგალიტები მომირთმევია!
,, ქრისტეა ჩვენს შორის!
მადლობა მომიხსენიებია მობრძანებისთვის და საქებარი სიტყვებისთვის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ თქვენგან ჩემი ასეთი მაღალი შეფასება და წარმოჩენა ჩვენი დროის დაცემულობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ჩემს სიკარგეზე…
ხომ გაგიგიათ: ,,ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი თავში მოექცევაო,” მასეა დღეს ჩემი საქმეც…
მე ხომ ვიცი, ვინც ვარ და რასაც წარმოვადგენ ღვთის წინაშე…
ამიტომ, დღეს ის კი არ მიხარია, ჩემი დაბადების დღე რომ არის და ამდენ საქებარ სიტყვებს ვისმენ, – ის მიხარია, ყველას ერთად რომ გხედავთ და აქ ვდგავარ თქვენს შორის…
თქვენ ხართ ჩემი საჩუქარი და სიხარული…
თქვენგან კი ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის იქნება, ქრისტეს მცნებით რომ იცხოვრებთ და თუ რამ კარგი დაგამახსოვრდათ ჩემგან, ამისთვის მე ცოდვილს რომ მომიხსენებთ ღვთის წინაშე და ილოცებთ ჩემთვის…”
,,მოგეხსენებათ, არც განათლება მაქვს და არც ღვთისმეტყველებით გამოვირჩევი, წირვებზე დღემდე ბავშვივით ვიბნევი და ქადაგება ხომ საერთოდ: ბოლოში სათქმელს თავში ვამბობ და თავში სათქმელს, ბოლოს… – თუმცა აუცილებელი სამი რამ ვიცი და ჩემს სიგლახაკეს ესეც ყოფნის…
ფსალმუნში რომ წერია ,,მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლეო” – ჩემთვის ეს პირველია და ეს მახსოვს ყოველთვის…
მეორე, ლოცვაში რომ ვამბობთ: ,,ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვაო!” – ჩემი მწირი გონებით მიმაჩნია, რომ ადამიანს ღვთიური სამართალი ყოველგვარ სოფლიურ საზრუნავებზე მაღლა უნდა ეყენოს…
დაბოლოს მესამე, თავში რომ არაფერი ამივარდეს: ,,უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”










