„არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდანუჩში მდებარე გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ I-ის (აშოტ დიდი, კურაპალატი) სამარხი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა,“ – წერს თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology.
Anatolian Archaeology-ის ცნობით, ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ არქეოლოგიურ დადასტურებას იმ ისტორიული ცნობებისა, რომლის თანახმადაც აშოტ კურაპალატი არტანუჯში (დღევანდელ არდანუჩში) დაკრძალეს.
არდანუჩში გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ასევე ვანის უნივერსიტეტის პატრონაჟით ტარდება. არქეოლოგები იკვლევენ არტანუჯის შიდა ციხის ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნაშთებს.
გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანის თაღოვანი ნაგებობა, რომელიც ეკლესიის აფსიდის ქვეშ მდებარეობს.
არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის თქმით, შუა საუკუნეების ქართული წყაროები მიუთითებენ, რომ მეფე აშოტი სწორედ ამ ეკლესიაშია დაკრძალული.
„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ამ აღწერილობებს. მეცნიერული თვალსაზრისით, ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის საფლავის მდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელით,“ – ამბობს ოსმან აითექინი Anatolian Archaeology-ისთან საუბარში.

გევერნიკის ციხესიმაგრე