ნებისმიერი ადმინისტრატორისთვის ძალიან ცუდი მესიჯი იქნება, რომ პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო ვინმე წავიდეს – ამის შესახებ პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. თამარ ჟვანია თქმით, არსად წასვლას არ აპირებს და არც ცესკო-ში იგეგმება საკადრო ცვლილებები.
ჟვანიამ დღეს ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი გახდა, მაგრამ ამის გამო ის პოლიტიკოსებისგან ბოდიშს არ ელოდება.
‘’როგორც ხედავთ, მე ისევ აქ ვარ, მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, შევხედავ ამ ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას
თანამდებობებს ადამიანები საფუძვლის და მტკიცებულებების შედეგად უნდა ტოვებდეს და არა პოლიტიკური სურვილის შედეგად
ამ არჩევნებზე უფრო მეტი მასშტაბის ხარვეზი იყო, ვიდრე წინაზე, მაგრამ ეს გაყალბებას არ ნიშნავს
არ მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ბოდიშს მომიხდის. ეს არიყო პირველი შემთხვევა, როცა უსაფუძვლოდ დამადანაშაულეს . ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივიღე, დაუსაბუთებელი მაგრამ სიმართლე გამოასწორებს ყველაფერს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ძლიერები, რადგან ვართ მართლები.
ადგილობრი არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში ცვლილებები არ იგეგმება, არც ერთი თანამშრომელი არ წასულა. ვაპირებთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ მედიასთან, ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე, რადგან საარჩევნო სივრცე სიცრუითაა სავსე და სწორედ გამჭვირვალობით ვაპირებთ, ამ ყველაფერს ვებრძოლოთ “ – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის დღეს პარლამენტში არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეობა ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, მიიღო.