ტყიბულში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს ეკონომიკის მინისტრს ქ-ნ ნათია თურნავას ელოდებიან, რომელიც ტყიბულში პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ,,არა სიტუაციის გასაცნობად, არამედ პრობლემების მოსაგვარებლად” ჩადის.
პრემიერ-მინისტრმა 25 სექტემბერს მეშახტეების წერილი მიიღო. მან ასევე მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიმართვაც.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადგილობრივი მოსახლეობა და მოსწავლე ახალგაზრდობა შეუერთდა.
მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს ჭიათურელმა მაღაროელებმა, ზესტაფონელმა მეტალურგებმა, ქსნის მინის ქარხნის თანამშრომლებმა, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, ყირგიზეთის პროფკავშირების კონფედერაციამ, ყირგიზეთის სამთო-მეტალურგიულმა პროფკავშირმა, ბელარუსის დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციამ, კრივოი რიგის ნახშირმომპოვებელი საწარმო ,,სუხა ბალკას” თანამშრომლებმა, ბულგარეთის არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირმა და რუსეთის სამთო-მეტალურგიული პროფკავშირის ჩელიაბინსკის საოლქო ორგანიზაციამ.
ტყიბულელთა სამართლიან მოთხოვნებს მხარს უჭერს და მიმდინარე პროცესს აკვირდება გლობალური პროფკავშირი Industriall Global Union-ი.