არასრულწლოვანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს და პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია, თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე განმარტავს, ბრალდების მხარემ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა, რის გამოც, მის მიმართ ყველაზე ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს. კერძოდ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი მეთვალყურეობისთვის მშობელს, კერძოდ კი, მამას გადაეცა.
„ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლით. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანს განესაზღვრა მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა. არასრულწლოვნის სათანადო ქცევაზე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მამა იქნება პასუხისმგებელი. ეს იყო ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არასრულწლოვნის მიმართ. ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიგვემართა.
ამ შემთხვევაში წარდგენილი იყო ბრალდება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ოთახში ხანძრის გაჩენის ეპიზოდზე. სხვადასხვა გარემოებები არსებობდა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებას საფუძვლად დაედო. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესი გავითვალისწინეთ.
როდესაც არასრულწლოვნის გადაცემა ხდება მშობლის მეთვალყურეობაში, ლოგიკურია, მშობლის თანხმობა, მზაობა უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებები არსებობდა, რომელზეც მშობელი არ იყო ინფორმირებული და ფაქტობრივად, ეს პერიოდი ბრალდების მხარემ ოჯახთან კომუნიკაციაში იმ კუთხით გამოიყენა, რომ გაეაზრებინათ ის პასუხისმგებლობა, რომ მათ შორის, არასრულწლოვანი ღამის საათებში გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეს, ეს გარანტიები მივიღეთ”,- განაცხადა იაკობიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აღნიშნულ პირს აქციაზე წასვლა აეკრძალა, პროკურორი პასუხობს, რომ ეს ასე არაა და ვისაც, სად უნდა, იქ უნდა წავიდეს, თუმცა, არასრულწლოვანი კონკრეტულ საათებს სკოლასა და სახლში უნდა ატარებდეს.
„აქ საუბარი არ არის აქციაზე. საუბარია არასრულწლოვანზე, რომელიც კონკრეტულ დროს სკოლაში უნდა ატარებდეს, კონკრეტულ დროს სახლში უნდა ატარებდეს. თუმცა, ბრალდების მხარეს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საქმეზე თავად ადვოკატების თხოვნა იყო, რომ აქციაზე არ გავუშვათ დამატებით აღკვეთის ღონისძიებადო, ამას რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, ვისაც სად უნდა, იქ ივლის, თუმცა, არასრულწლოვნის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა ნიშნავს იმას, რომ მშობელს პასუხისმგებლობა გააჩნია და ეს უნდა იყოს შესრულებული”,- განაცხადა იაკობიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, მ.გ. 29 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა, რის შედეგად ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლოთ აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.