არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან 10 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.