აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში – ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რეალურად, ეს იყო „თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი“ თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ კვლავ მოისმინა და ამაში ახალი არაფერია.
მათიკაშვილის თქმით, დებატებზე მოისმინეს საღი აზრიც, „რომელიც სულ უფრო მეტად ხმამაღლა ჟღერს ევროპარლამენტში“.
„რეალურად, რა ინტერესი ჰქონდა იმ სამარცხვინო რეზოლუციის ტექსტს, კარგად გამოჩნდა ცარიელი დარბაზიდან, სადაც აბსოლუტურად არავინ იყო. 2 თუ 3 დეპუტატი ესწრებოდა ამ სხდომას. რეალურად, ეს იყო თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელიც კვლავ მოისმინა ჩვენმა ქვეყანამ. ამაში ახალი არაფერია.
ჩვენ გვახსოვს მოდელირებული ქრონიკა, რომელიც მიტაცებული „იმედის“ ეთერით თავის დროზე იხილა საზოგადოებამ და ახლა ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს ტყუილი და ფაქტების დამახინჯება არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პირმშო. ეს მათი მეგობრების, დავალების მიმცემების და იდეოლოგების ხერხია, იმიტომ რომ გუშინ რაც მოვისმინეთ, იყო ის მოდელირება, დამახინჯება და ტყუილით გაჯერება იმ ფაქტებისა და გარემოებისა, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება. სხვა რა შეიძლება მოისმინოს საზოგადოებამ ქალბატონი რასასგან, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ვერავინ აუხსნის იმას, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე. ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის და თავდასხმის იარაღი. იქ ჩვენ მოვისმინეთ საღი აზრიც, რომელიც სულ უფრო მეტად ხმამაღლა ჟღერს ევროპარლამენტში. კარგია, თუკი ევროპარლამენტში მოკალათებული „დიფ სთეითის“ აგენტები მეტად დაუგდებენ ყურს იმ საღ აზრს, რაც უკვე ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში, ტყუილით, არაფრის მომცემი და თითიდან გამოწოვილი ე.ი. არგუმენტებით აღარ მოახდენენ იმის პროვოცირებას, რაც არის ძალიან სამწუხარო და ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელი ჩვენს საზოგადოებაში. რასაც ქართველი ხალხი ვერ ეგუება, ეს არის ტყუილი, ორმაგი სტანდარტი,” – განაცხადა მათიკაშვილმა.










