მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, სასამართლო პროცესზე ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
„რაც წარმოდგენილია, ამის მტკიცებულებები ჯერ არაფერია შიგნით, გარდა იმისა, რაც მედიაში გავრცელდა, რაღაც ჯოხის მოქნევის კადრი, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა, სად დავარდა, საქმეში არც დაზარალებულია, ფაქტობრივად, არანაირი მტკიცებულება არ არის. საინტერესოა, რა მტკიცებულებას წარმოადგენენ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაადასტურონ. ანდრო, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, წარმოდგენილ ბრალს სრულად ემიჯნება, ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, ის მხნედაა, საზოგადოებას მადლობას უხდის.
სხვა აქტივისტებისგან განსხვავებით, ანდროს ნაწილში არც ძალადობას ჰქონია ადგილი და სახლის, პირადი ჩხრეკაც მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, რადგან ანდროს ხელი არ შეუშლია, მას უკანონობა არ ჩაუდენია და მის სახლშიც არანაირი კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები არ ინახებოდა”,- განაცხადა მიგინეიშვილმა.
ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.