ამ ქალაქს შეეშვით! არ მოგცემთ საშუალებას, რომ კვლავ კრიმინალთა ქალაქის იარლიყი მიეწებოს ქუთაისს! – ამის შესახებ სოციალურ ქსელშიი სტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე წერს:
,,ყოველთვის მტკივნეულად განვიცდიდი, როდესაც სხვაგან სტუმრად ჩასულს, არც თუ იშვიათად ქუთაისს კრიმინალების ქალაქად მოიხსენებდნენ… მტკიოდა არა იმიტომ, რომ ეს თითქოს ასეა, არამედ იმ მიზეზით, რომ ძალიან კარგად ვიცი ამ უძველესი ქალაქის ისტორია, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი – კოლხური ცივილიზაციის ცენტრის ოთხი ათასწლოვან ისტორიას საუკუნეთა სიღრმეებიდან რომ იტევს… ვხვდებოდი, რომ ეს საბჭოთა დროს ამ ქალაქისთვის განგებ მიწებებული იარლიყი იყო, საბჭოეთი ხომ ყოველივე ღირებულსა და ფასეულს ებრძოდა…
გავიდა წლები… ამ ქალაქში გადმოიტანეს საქართველოს პარლამენტი, რომლითაც რეალურად ახალი არაფერი მიუციათ ქუთაისისთვის, არამედ ამ თანამედროვე ფორმით თავისი ისტორიული პატივი დაუბრუნეს და აღუდგინეს გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქს (ზოგადად ოთხ-გზის დედაქალაქს), ქუთაისის მიმართ ეტაპობრივად გაქრა იარლიყი, რომ ეს კრიმინალების ქალაქია და დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ამ ქალაქის ისტორიული ღირსების აღდგენისთვის…
დღეს რას ვხედავთ?! ქალაქს, რომელსაც ფეხზე წამოდგომის საშუალება წაგლიჯეს, ახლა უკვე კვლავ კრიმინალთა თავშესაფრის იარლიყს აწებებენ…
არ გამოგივათ! მხოლოდ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ორი დიდი თეთრი ქვის დაფა ჰყოფნის ამის უარყოფას, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოს ეროვნული ფასეულობების შემქმნელთა სახელებსა და გვარებს ძლივს რომ იტევს, ოთხი ათასწლოვან ისტორიულ სიღრმეებში რომ აღარ წავიდეთ…
არავის გამოხატვის ნების თავისუფლების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ისაუბროს ნებისმიერმა მხოლოდ საკუთარი პიროვნებისა და მაქსიმუმ თავისი ოჯახის სახელით, ამ ქალაქს შეეშვით! აქ ვცხოვრობთ ის ადამიანები, რომლებიც არ მოგცემთ საშუალებას, რომ კვლავ კრიმინალთა ქალაქის იარლიყი მიეწებოს ქუთაისს! გამორიცხულია!” – წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.