თუ როგორ იყო ეს პროცესი წარმართული, როდის და რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, აშკარად ყველასთვის აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემთვის ნათელია, რომ ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნის ევროპულ ფასეულობებთან, მედიასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და დამოკიდებულება, სულ რომ 100%-ით სწორი იყოს განაჩენი, რაშიც მე ეჭვს ვერ შევიტან, რადგან საქმეს არ ვიცნობ,
მაგრამ ის, თუ როგორ იყო ეს პროცესი წარმართული და როდის რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, აშკარად აჩვენებს ყველასთვის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.
თუ არ ვცდები, ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს 3 წელზე მეტია და ეს შედეგი შეიძლება დამდგარიყო ან ერთი კვირით ადრე, ან თვით ადრე, ან ორი-სამი თვის შემდეგ.
გარდა ამისა, ამ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს რამდენიმე „ოფცია“, მათ შორის ბევრად უფრო მსუბუქიც, რომელიც იმ შემთხვევაშიც, როცა ნიკა გვარამია დამნაშავეა და სასჯელი რომ აღსრულებულიყო, ის პროფესიული უფლებების გაგრძელებას შეძლებდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.