იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა აქამდე “საფარს” არ ჰქონია.
საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადევნება და მუქარა. ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ამხელს, “საფარს” 25 აპრილს მიმართა. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა კაცის მხრიდან მუდმივი კონტროლისა და მუქარის გამო, ქალმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის მიუხედავად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში კაცი მუდმივად ცდილობდა ქალთან კომუნიკაციის შენარჩუნებას. თანდათან კაცის ქმედებები უფრო და უფრო ინტენსიური და ძალადობრივი გახდა: უთვალთვალებდა, ცდილობდა ქალისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ა.შ. საბოლოოდ, ქალმა კაცი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, რამაც ის კიდევ უფრო აგრესიული გახადა.
“თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში კაცი ხვდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს – საცხოვრებელ სახლთან, ქუჩაში, აიძულებდა მასთან საუბარს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ა.შ. ასევე, აკითხავდა სამსახურში, ახდენდა იარაღის დემონსტირებას მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”, – სალომე სალდაძე, “საფარის” იურისტი იმერეთში.
დაზარალებული ქალის ინტერესებს “საფარის” იმერეთის რეგიონის იურისტი, სალომე სალდაძე იცავს. მისი განმარტებით, გამოძიების პროცესში, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ უზრუნველყოფდა მისი გამოცემის მიზნების შესრულებას:
„ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. გარდა ამისა, ადევნება იყო განგრძობადი ხასიათის – ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვეთ ელექტრონული ზედამხვედველობის განხორციელება. მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ უზრუნველყოფა იმ მიზნებს, რა მიზნითაც იგი გამოიცა“.
პოლიციამ კაცის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა 8 მაისიდან დაიწყო. 10 მაისს სასამართლომ დაადასტურა ელექტრონული სამაჯურის გამოყენების აუცილებლობა და ზედამხედველობის მოქმედების ვადად შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა – 1 თვე განსაზღვრა.
“საფარი” აგრძელებს დაზარალებული ქალის ინტერესების დაცვას.
ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში