დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესახებ, რომელიც თუ მეხუთე ტალღა დაიწყება, იქნება მთავარი შემაკავებელი:
„თუ იქნება კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი მოსახლეობაში და ჩვენ მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის 60%-ს უფრო ადრე ვიდრე, დეკემბრის ბოლოა, რა თქმა უნდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი იქნება ტალღის მთავარი შემაკავებელი. თუ მეხუთე ტალღა დაიწყება, ის იქნება ბევრად უფრო მსუბუქი და ჯანდაცვის სისტემის მიერ ბევრად მარტივად გადასატანი.
მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო აცრა ამისთვის საკმარისი არ არის. ამისთვის აუცილებელია მეორე მთავარი იარაღის – პირბადის უპირობოდ გამოყენება ყველგან. სამწუხაროა, რომ ბოლო კვირაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა იმის მაგივრად, რომ 50%-დან ის აგვეწია 80-90%-ზე.
მე ხშირად მომყავს ეს მაგალითი, რომ მხოლოდ პირბადის მაჩვენებელს თუ ჩვენ ავიყვანთ 95%-მდე, გადავარჩენთ დაახლოებით 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.
ისევე, როგორც 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. ამიტომ გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამ ორი უმნიშვნელოვანესი იარაღის წინაშე, როგორიც არის აცრები და პირბადის ტარება.
გარდა ამისა, თავი უნდა შევიკავოთ მაქსიმალურად ყოველგვარი დიდი თავყრილობებისგან, განსაკუთრებით სუფრებისგან, რადგან სწორედ კვების დროს ხდება უფრო მეტად ინფექციის გავრცელება და რა თქმა უნდა დისტანცია, სანიტარული წესრიგი, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ.
აი, ეს 5 მთავარი თუ იქნება დაცული, მეხუთე ტალღა თუ დაიწყება, იქნება შედარებით მსუბუქი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.










