რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინაში აზოვის პოლკის მებრძოლებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული ჯარისკაცები ისრაელიდან.
ამის შესახებ ზახაროვამ „რადიო სპუტნიკის“ ეთერში ისაუბრა დღეს, 4 მაისს.
„ახლა ვიტყვი, რის მოსმენაც ალბათ არ მოუნდებათ იმ პოლიტიკოსებს ისრაელში, რომლებმაც გაბერეს საინფორმაციო კამპანია. შეიძლება მათ დააინტერესოთ. უკრაინაში ახლა, ფაქტობრივად, აზოვის ბოევიკების მხარდამხარ არიან ისრაელელი დაქირავებული ჯარისკაცებიც. ამის შესახებ იქ ცნობილია?! ამის შესახებ შეუძლებელია მათ არ იცოდნენ.
მე ვნახე ვიდეო, ვნახე უბრალოდ… ფაქტურა, მასალები… რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამის მიმართ?! კიდევ ერთხელ ვამბობ, მხარდამხარ… ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს? ვის უჭერენ მხარს ეს ადამიანები, პოლიტიკურად და ახლა, გამოდის, იარაღით ხელში?“ – განაცხადა ზახაროვამ.










