მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
სურსათის ეროვნულო სააგენტოს გარდა, მცენარეული ზეთების კვლევა ჩაატარა პლატფორმამ “მომხმარებელი.ჯი”. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი მცენარეული ზეთის 15 ნიმუში, იტალიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა და ქიმიური ნაერთის ნორმის გადაჭარბება ამ შემთხვევაშიც 1 ნიმუშში – “ფინალის” ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.
კვლევის შედეგად აღმოჩენილი ქიმიური დამაბინძურებლები მნიშვნელოვნად აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის.
საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია უვნებლობის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებსაც ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს. ამავე დროს, ზეთი დიდი საფრთხის შემცველ პროდუქტად არ ითვლება და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მისი შემოწმების მასშტაბი მცირეა. 2023 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უვნებლობის მაჩვენებლებზე ზეთის მხოლოდ 11 ნიმუში შეამოწმა და ისიც მხოლოდ პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობაზე. ვინაიდან უვნებლობის პარამეტრებზე ზეთის შესამოწმებლად საქართველოში დანერგილი ლაბორატორიული კვლევების სახეობები შეზღუდულია, ნიმუშები საზღარგარეთ გაიგზავნა. დარღვევები არ გამოვლენილა.
რაც შეეხება საბაჟო საზღვარზე, იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებას, პროცედურა ზეთის ნიმუშების უვნებლობის მაჩვენებლებზე შემოწმებას არ ითვალისწინებს, მცირე გამონაკლისების გარდა (როგორებიცაა აზერბაიჯანში წარმოებული თხილის ზეთი, კოტ-დ’ივუარსა და განაში წარმოებული პალმის ზეთი).
ჩვენმა კვლევამ მოიცვა უვნებლობის ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა:
1. 3-მონოქლოროპროპანდიოლის (3-MCPD) და 3-MCPD ცხიმოვანი მჟავების ეთერების ჯამი, გამოხატული როგორც 3-MCPD;
2. გლიციდილის ცხიმოვანი მჟავების ეთერები, გამოხატული როგორც გლიციდოლი;
3. ქლორპირიფოსი.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებლებზე ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება. განაგრძე კითხვა










