სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა.
„გმირებად არ იბადებიან, გმირებად იზრდებიან. სოფელ მარტოთუბანს ჰყავს გმირი მდინარი ბებიაშვილის სახით, რომელიც მსოფლიო მშვიდობას შეეწირა. მინდა მადლობა გადავუხადო მის ოჯახს, სადაც ის აღიზარდა. ეს მემორიალი არის სიმბოლო იმისა, რომ მდინარი ბებიაშვილის სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას“. – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, რომელიც მემორიალის გახსნას ესწრებოდა.
მდინარი ბებიაშვილი 2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, რომლის პატრულირებას უმცროსი სერჟანტი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მედლები სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.