საგარეჯოში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შემთხვევა ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სოფელ მზისგულთან მოხდა.
imedinews- ის ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომობილი „ლექსუსის“ მარკის მანქანას შეეჯახა, რა დროსაც „სუბარუს“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავდა მძღოლი და მასთან მყოფი რამდენიმე მგზავრი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში სხეულის სხვადასხვა ტრავმებით და მოტეხილობებით მოათავსა. ექიმის თქმით, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა. რაც შეეხება სამ მცირეწლოვანს, მედიკოსების განმარტებით, ისინი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.