გუშინ ხაშურში, სუპერმარკეტ „მაგნიტ“-ში 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იატაკზე მწოლიარე მიცვალებულს გადააფარეს და მაღაზია ასეთ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.
„პრაიმთაიმი“ უშუალოდ ამ ფაქტის შემსწრე, ბატონ რამაზ გელაშვილს დაუკავშირდა და მისგან დეტალურად მოისმინა თუ რა მოხდა გუშინ, 28 აპრილს სუპერმარკეტში, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
მისი თქმით, სუპერმარკეტში დაახლოებით 250 ადამიანი იყო და მთლიანად მაღაზიის დაკეტვა შეუძლებელი იყო.
„დიდი მაღაზიაა და მაღაზიაში დაახლოებით 250 ადამიანი იქნებოდა, უკან სალაროსთან ერთმა თქვა, რომ კაცი დავარდაო, გამოვარდა მოლარე გოგო და მივარდა, მეც მივედი დაუდეს ბალიში, ხალხმა დაიწყო ამ კაცის გადარჩენა, მოლარეები ნიშადურის სპირტით, წყლით ცდილობდნენ, გადაერჩინათ. სასწრაფო ცოტა მოგვიანებით მოვიდა, 10 წუთის მერე და ყველაფერს შეეცადნენ, თუმცა კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. 68 წლის იქნებოდა, გულმა უმტყუნა.
მაღაზიაში, ის ადგილი სადაც მამაკაცი გარდაიცვალა, შემოღობეს და ორი სალარო გაჩერდა, მაღაზიამ კი მუშაობა განაგრძო, რადგან დიდი მაღაზიაა და შეუძლებელი იყო მთლიანად დაკეტვა“, – გვითხრა რამაზ გელაშვილმა.