მედიაომბუდსმენმა 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა – ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით, – ამის შესახებ მედიაომბუდსმენის შეფასებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ.
“2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.
საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.
ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.
თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა.
ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.