საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო
ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური მართვის საფუძველი გახდება.
კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.
სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას.
ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება.
ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.