ხელისუფლება უკვე წლებია რაც ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობას – ასე გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ოთარ კახიძე სამოქალაქო აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის ფაქტს. ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინზე ხელისუფლებას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები წინასაარჩევნოდ სახიფათო ფონს ქმნის:
”დღემდე დაუსჯელია, მაგალიდან საჯარო ბიბლიოთეკასთან 2013 წელს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდამსხმელთა ჟგუფი,დაუსჯელნი არიან კორცხელელი მოძალადეები, დაუსჯელნი არიან ახალქალაქში ოპოზიციის შტაბზე თავდამსმელები, დაუსჯელნი არიან გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელები და მათი კურატორები. ეს ყველაფერი ქმნის უაღრესად სახიფათო, ძალადობრივ ფონს წინასაარჩევნოდ, რაც არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული და დასაგმობი ქმედება, არამედ მთლიანად საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საზოგადოებაში. მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოიძიოს და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს ამ დანაშაულის ჩამდენი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთი დასტური რომ ამ თავდასხმის უკან დგას ”ქართული ოცნება”. – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ღამით იოსებიძის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც ლაშა ცუცქირიძის მეუღლემ, ლინა დოლიძემ განაცხადა, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ და მანქანიდან გადმოსვლისთანავე იერიშზე გადმოვიდნენ.
„ჩვენ როგორც კი გადმოვედით მანქანიდან, დავინახე ორი პიროვნება, მათ ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები და სახე ჰქონდა სრულად დაფარული. როგორც კი დაგვინახეს, რომ გადმოვედით მანქანიდან, ჩემს მეუღლეს დაუწყეს ცემა. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მოგზავნილები არიან. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ეს ადამიანები აქ 5 დღეა დგანან და გველოდებიან“, – განაცხადა ლინა დოლიძემ.