პარლამენტის შენობასთან მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია 13 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეებმა დღეს პლენალურ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. მათი თქმით, მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს.
„ ცხრა საათი გახდა თუ არა, დახურეს პლენარული სხდომა, გადადეს ხვალისთვის და ბუნებრივია, ხვალ 12:00 საათიდან ჩვენ აქ ვიქნებით. ვიქნებით მანამდე, სანამ პროპორციული არჩევნების იდეა ბოლომდე არ იქნება მიყვანილი. აუცილებლად, 2020-ის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ბიძინა ივანიშვილი ამას ვეღარ შეცვლის იმიტომ, რომ ბევრი ადამიანის ბევრწლიანი შრომა და ჯაფა შეეწირა ამ იდეას და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ამას აღარ დავთმობთ, ხვალ ქუდზე კაცი პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან!,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს ისე დასრულდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვერც განხილვის დასრულება მოესწრო და ვერც კენჭისყრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პლენარული სხდომა ხვალ 12:00 საათზე ამ საკითხის განხილვით დაიწყება. სავარაუდოდ, კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც ხვალვე მოხდება.