საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია აღმაშენებლის N 112 -ში ლიფტების რეაბილიტაციის საკითხზე “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიტატის განცხადებას ეხმაურება:
„საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, ჩვენი ოპონენტები ცრუ ბრალდებებით და პოპულისტური სპეკულაციებით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, ეს არახალია. მაგალითისთვის, ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა აღმაშენებლის N112 კორპუსში ლიფტების რეაბილიტაციის ტენდერის გამოცხადების და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ აღმოაჩინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა და სამუშაოების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გადაწყვიტა ამ თემით პოლიტიკური ბენეფიტების მიღება.
მოკლევადიანი ინტერესებით მოტივირებულ პოლიტკოსებს საზოგადოება არჩევნების დღეს შეაფასებს. მანამდე კი, უკვე ნაზრუნი საკითხებით აპელირება, მხოლოდ მოსახლეობის საჭიროებების მიმართ მათ ზედაპირულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
ლიფტების რეაბილიტაციის პროექტთან ერთად, რომლის მომზადებაშიც, როგორც გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი, დაიწყება აღმაშენებლის N125-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის და ამავე უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები.
ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები გლობალური პანდემიის პირობებში შეუფერხებლად მიმდინარეობს, ჩვენი გუნდი კი განაგრძობს ქუთაისის განვითარებაზე ზრუნვას მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.“
აღმაშენებლის N 112-ში არსებული ლიფტების რეაბილიტაციის პროექტზე ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერი 2020 წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა, ამ დროისთვის გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს მიიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან დაიწყებს.