,,ჩემი და ძირს ჩავარდა საწოლიანად” – ამბობს მეოთხე სართულზე მცხოვრები. გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა და აქ ცხოვრება შეუძლებელია.
მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარებას სულ 4-მა პირმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი – მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორპუსის მცხოვრებლებს კი, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში განათავსებენ, მოგვიანებით კი, საჭიროების შემთხვევაში, მათი ქირით უზრუნველყოფა დაიწყება. აღნიშნული განცხადება „ინტერპრესნიუსისა“ და „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტთან გლდანი-ნაძალადევის გამგებელმა გააკეთა.
„შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი. კორპუსის მცხოვრებლებს ჯერ გავიყვანთ სასტუმროებში, მერე კი, თუ საჭირო გახდა, დავიწყებთ ქირის გაყვანის პროცესს. გაკეთდება დასკვნა, რის შემდეგაც გვეცოდინება, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში ცხოვრება. გამგეობა მზადაა ყველანაირი დახმარებისთვის“, – განაცხადა გამგებელმა.
მერვე საავადმყოფოს კლინიკურმა დორექტორმა ლალი ტურძილაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.
ერთი მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაყვანეს მძიმეა, მან სხეულის 70%-იანი დამწვრობა მიიღო.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.