ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად – 5 აგვისტოს, 12 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქია გაიმართება.
“ექვთიმეს გადარჩენილს თვითმარქვია ექვთიმე ანგრევს. გუშინ საყდრისი. დღეს ხელოვნების მუზეუმი. რა იქნება ხვალ? ეროვნულ მემკვიდრეობას თუ ვერ დავიცავთ, შთამომავლობა არ გვაპატიებს”. – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
რატომ გახდა საჭირო მუზეუმის დაცვა პროტესტის გზით?
2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა.
მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა.
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე.
მუზეუმში საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. ზრუნვა კი შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყეს.
პარალელურად, გაათავისუფლეს დირექტორი და ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს, სავარაუდო მიზეზი მუზეუმის ევაკუაციის გეგმის მოთხოვნა გახდა.