შოვი, პანდემია, მაგნოლია, წუთისოფელი – ამ და სხვა ნამუშევრებით ქუთაისში, გალერეა “ვარლაში” მხატვრისა და დიზაინერის, არჩილ ნიჟარაძის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
მხატვარმა, თავის 60 წლის იუბილეზე, ბოლო 9 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები წარუდგინა საზოგადეობას.
მხატვარი, დიზაინერი არჩილ ნიჟარაძე 1964 წლის 24 თებერვალს დაიბადა, ქუთაისში. სახვითი ხელოვნებისადმი ლტოლვა, ადრეულ ბავშვობის ასაკში, უფროსმა ძმამ – თემურმა გაუღვივა. მშვენიერების ლაბირინთებში გარკვევას, პროფესიული უნარ-ჩვევების ზიარებას, ბევრი მისი თანატოლების მსგავსად, ცნობილი პედაგოგის ზაურ წითაშვილის ხელმძღვანელობით ცდილობდა და პირველი წარმა ტებაც, მაყურებლის სახოტბო სიტყვების ხიბლი, თუ მომავლის ორიენტირის განსაზღვრა ამავე წლებს, სხვადასხვა გამოფენებში აქტიურ მონაწილეობას უკავშირდება. პროფესიული დაოსტატების გზაზე ყმაწვილისათვის სერიოზული განაცხადი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტობა იყო. სწავლის პერიოდში სავალდებულო დისციპლინების დაუფლების პარალელურად აქტიურობდა სასწავლებლის შემოქმედებით საქმიანობაში, მონაწილეობდა გამოფენებში. მაღალი შეფასება და აღიარება დაიმსახურა არჩილის სადიპლომო ნამუშევარმა – სავარძელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ნამუშევარს რეკომენდაციაც კი მიეცა წარმოებაში დასანერგად, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა.
სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, პროფესიონალი შემოქმედი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში – სიდუხჭირის, გაურკვევლობის, ქაოსის, საზოგადოებრივი თუ შინაგანი შფოთვის, ფასეულობათა გადაფასების პირობებში იყო დაეჭვება, სულის ფორიაქი, ზოგჯერ უიმედობაც კი, მაგრამ იყო პროფესიული თუ პიროვნული გადარჩენისათვის ბრძოლის უსაზღვრო ჟინი, პასუხისმგებლობა საყვარელი საქმის, ოჯახის, მომავლის წინაშე და შეიქმნა ინტერიერის გაფორმების სერვისი, დახვეწილი გემოვნების, ორიგინალური, პროფესიული ხელწერით გამორჩეული. პარალელურად, არჩილი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, 1995 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქის სამხატვრო სკოლაში, წლების განმავლობაში სამრეწვე- ლო ხელოვნების კურსს უძღვებოდა ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის პედაგოგიკისა და ხელოვნების ინსტიტუტში. არჩილ ნიჟარაძე მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისთანავე ცდილობს გაამრავალფეროვნოს ყოველდღიურობა, აქტიურად მონაწილეობს მხატვართა კავშირის ქუთაისის (იმერეთის) რეგიონული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენებში. ამავე ორგანიზაციის წევრია 2020 წლიდან.
საიუბილეო, შემოქმედებით არსენალში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები, განსხვავებული მასალებით შესრულებული ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნაწარმოებები. საზოგადოებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა ერთიანობაში გაეცნოს წლების განმავლობაში მხატვრის მიერ აღქმულ სამყაროს ინტერპრეტაციას, შემოქმედის დამოკიდებულებას გარესამყაროსთან, ისეთივე ჰარმო ნიულობით და გაწონასწორებულობით გამორჩეულთან, როგორც თავად მისი პიროვნებაა.
არჩილ ნიჟარაძის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გალერეა “ვარლაში” 27 თებერვალს დაიხურება.