თურქეთის ქალაქ სტამბოლში ამ წუთებში უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი იწყება. მხარეები ერთმანეთს პირისპირ დოლმაბაჰჩეს სასახლეში ხვდებიან.
ცოტა ხნის წინ დელეგატებს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა და იმედი გამოთქვა რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედეგიანი იქნება.
“დღეს მე მივდივარ ტაშკენტში, ოფიციალური ვიზიტით, მაგრამ გიტოვებთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა საჭიროების შემთხვევაში მისგან დახმარება მიიღოთ. შესაძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ლეგიტიმურ მოთხოვნებს და რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება სანდოდ მიიჩნევს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ დაიშურებთ ძალისხმევას, რომ მშვიდობა დამყარდეს”, – თქვა ერდოღანმა.
როგორც ცნობილია, შეხვედრამდე თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, კიევი აცხადებს რომ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის პოზიციები უცვლელი რჩება, საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარის გაყვანა და უსაფრთხოების მკაცრი გარანტიები.