კრიზისის სწორმა მართვამ და კრიზისმენეჯმენტის თავში სწორი ხალხის ყოფნამ გაამართლა, – ასე უპასუხა ამირან გამყრელიძის შვილმა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დასმულ კითხვას, ვირუსთან საბრძოლველად ხელისუფლების სტრატეგიაში ყველაზე მეტად რამ გაამართლა. მისი თქმით, ხელისუფლება დღეს მწყობრ გადაწყვეტილებებს იღებს და ვირუსთან ბრძოლისას სწორედ ამ დისციპლინამ საქართველო ასე თუ ისე წარმატებით მოიყვანა აქამდე.
„ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მწყობრად მიღება და არ შეგეშინდეს თუნდაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც საქართველო ცას კეტავდა, სოციალურ ქსელში ვაკვირდებოდი და დისკუსია იყო ამაზე. თუნდაც როდესაც იკეტებოდა ქვემო ქართლის რეგიონი, ძალიან რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს მწყობრ გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ეს დისციპლინა და მწყობრი გადაწყვეტილებები არის ის, რამაც ჩვენ აქამდე ასე თუ ისე წარმატებით მოგვიყვანა ვირუსთან ბრძოლაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი კიდევ წინ არის. მოდუნების უფლება არ გვაქვს. შემდეგი 5-6 კვირა იქნება ძალიან რთული. ხედავთ უკვე, რომ მატება იმაზე მეტია, ვიდრე იყო და ეს ასე გაგრძელდება. შიდა გავრცელების ფაზაში ვართ გადასული. ამიტომ ჩვენ თუ პასუხისმგებლიანი მოსახლეობა არ ვიქნებით და არ დავემორჩილებით წესებს, აქ მარტო ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს, რაც არ უნდა სწორი სტრატეგია დადოს,“ – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
რაც შეეხება ამირან გამყრელიძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, როგორ ამხნევებენ მას, ნიკოლოზ გამყრელიძემ ასე უპასუხა: „მარტო მე არა, მთელი ოჯახი ვცდილობთ რომ გავამხნევოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი გამხნევება არ ჭირდება ჩვენგან. მორალურად საკმაოდ მდგრადი ხასიათი აქვს და ამ კუთხით არგვეშინია, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია ვამხნევებთ. ჩვენ რაც შეგვიძლია ვქნათ არის ის, რომ ეს პასუხისმგებლობა გავითავისოთ და პირველები ვიყოთ, ვინც ამ რეკომენდაციებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ არავინ დაცული არ არის. ვითომ მეტად გათვიცნობიერებული ვიყავი, იქ ნიღბები მედო მაგიდაზე, სანიტაიზერი მედო ჯიბეში, მაგრამ ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი, ვინც დავინფიცირდი. თუ არ ვიქნებით ყურადღებით ძალიან საშიში გახდება ეს ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში რომ უსიმპტომოდ გამოვლენილიყო ვირუსი, იმ შაბათ-კვირას, დიდი ალბათობით, წავიდოდი და მოვინახულებდი ჩემს ბებიას, რომელიც არის 92 წლის, ქრონიკული დაავადებების მქონეა და დიდი ალბათობით შეიძლება მომეკლა. ამას ხაზი მინდა გავუსვა, შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს არის რეალობა და უნდა გვესმოდეს ყველას. ვცდილობთ, რომ ეს რეკომენდაციები პირველებმა გავითვალისწინოთ და ეგრე ვამხნევებთ.