ქუთაისში მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის „ლოგომედის“ ორგანიზებით ტრენინგი მიმდინარეობს. ერთი კვირის მანძილზე იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგები, ენისა და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგები, პედიატრები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ენისა და მეტყველების თერაპიის საბაზისო კურსს გადიან. 2019 წლის იანვრიდან ლოგომედმა ქუთაისში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა იმერეთის რეგიონში მეტყველების თერაპიის სერვისის დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქციები მეტყველების დარღვევების ადრეულ დიაგნოზტიკასა და პროფილაქტიკასთან დაკავშირებით ჩატარდა. გამოიკვეთა მეტყველების დარღვევის საკმაოდ მაღალი და სპეციალისტების არსებობის დაბალი მაჩვენებელი, სწორედ ამიტომ დაიგეგმა ტრენინგების ჩატარება .
ტრენინგის შემდეგ გადამზადებულ მონაწილეებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ ენისა და მეტყველების თერაპიის საზღვრებში არსებული გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვებთან დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა აწარმოონ. ტრენინგი 29 ივლისს ქუთაისიდან დაიწყო, მომდევნო შეხვედრებს კი მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრი „ლოგომედი“ კახეთში გააგრძელებს.