ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც რამდენიმე ავარიული დაზიანება მოხდა. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან იუწყებიან, ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამოც წყლის მიწოდება დროებით შეწყვიტეს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფი და კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის მეორე ნახევრიდან წყალმომარაგება აღდგება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო.