„ქუთაისში მილიონობით ლარის შენობები მიტოვებული და უფუნქციოა“ – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ განაცხადა. მან ხელისუფლება უმოქმედობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულა. წულაიას თქმით, მიტოვებული და დანგრეული შენობები ანტისანიტარიის კერადაა ქცეული, ამასთან ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გოგი წულაიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიტოვებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით მერიისგან ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა მერიაში მისი წერილის შინაარსი ვერ გაიგეს და წულაიას კონკრეტული შენობების მისამართების მითითება სთხოვეს. ამიტომ პოლიტიკოსის თქმით კვირაში ერთხელ მიტოვებულ შენობებთან ბრიფინგს ჩაატარებს და მერიას მათ შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ქუთაისის მერიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. რამდენიმე თვის წინ კი საკითხთან დაკავშირებით თქვეს, რომ მიტოვებული შენობების აღწერა და გეგმის შედგენა დაწყებულია. თუმცა როდის დასრულდება უცნობია.