დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში დაცული კოლექციის ახლებური გააზრების მიზნით 19 ოქტომბერს გამოფენა სახელწოდებით “ნიკალას მიმალვა” გაიხსნა.
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის საგამოფენო სივრცეში საცავებში დაცული ნამუშევრები გამოიფინა. „ გამოფენის მიზანი ექპერიმენტული და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ნამუშევრების ახლებური გააზრება და მათი თანამედროვე პერსპექტივიდან შეფასებაა, ასევე სახელოვნებო სივრცეებში ინტერაქციების შესაძლებლობების და პერსპექტივების გაჩენა.“ – განაცხადა გალერეის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ “ნიკალას მიმალვა” – დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციის ინოვაციური წაკითხვის პროექტია.
მათივე თქმით პროექტის ინოვაციურობა სათაურიდანაც თვალნათელია, რომელიც გულისხმობს გალერეაში დაცული მთავარი ექსპონატის – ფიროსმანის ტილოს ერთვარ “მიმალვას”, რაც გამოიხატება საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში მხატვრის “სტუმრობით”. როგორც მოგეხსენებათ, ფიროსმანის ნამუშევრები ამჟამად ვან გოგის ფონდშია გამოფენილი.
გამოფენაზე დამთვალიერებელს 25 ნამუშევრის ხილვა შეუძლია. წარმოდგენილია იმერელი და ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის შეგიძლიათ იხილოთ ბერნარდ ნებიერიძის, დავით კაკაბაძის, იზა შტეინგერგის, ვიტალი კაპანაძისა და სხვა მხატვრების ხელოვნების ნიმუშები.
გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.