სამტრედიაში 23 ლანა დარჯანია გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები Ambebi.ge-ს უყვებიან, გოგონამ ოპერაცია ქუთაისში, კლინიკა “გიდში” გაიკეთა.
“გლანდების ოპერაცია გაუკეთდა. სახლში რომ წავიდა ძლიერი ტკივილები ჰქონდა. “ფეისბუქზე” “სთორებს” დებდა, სადაც ამბობდა, რომ დაიღალა ტკივილით და მეტი აღარ შეეძლო. გუშინ ღამე სისხლდენა დაეწყო, სასწრაფოც გამოიძახეს, გადაიყვანეს კლინიკაში ისევ, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა” – ამბობს გოგონას ახლობლები.
მეგა ტვ კლინიკა “გიდი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ გოგონამ გლანდების ოპერაცია ნამდვილად მათ კლინიკაში გაიკეთა, მისივე თქმით ოპერაციას არანაირი გართულებები არ მოჰყოლია.
“ლანა დარჯანიამ ოპერაცია ჩვენთან 19 ოქტომბერს გაიკეთა, ოპერაციამდე მას ჩაუტარდა კვლევები და ამ კვლევებმა ექიმს საშუალება მისცა, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო. ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი. ოპერაციიდან გასულია რამდენიმე დღე, მომხდარი ფაქტის შემდეგ გავიგეთ, რომ სისხლდენა დაიწყო. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც, რომელმაც ოპერაცია გააკეთა თანამშრომლობენ გამოძიებასთან” – აცხადებენ კლინიკაში ,,გიდი”.










