“დასრულდება ბინათმშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში.” – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია. მშენებლობის პროცესი გაგრძელდება 2020 წლისთვისაც. კერძოდ, დასრულდება ბინათმშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში. დასრულდება პოლიციის შენობების მშენებლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში, წალენჯიხასა და მესტიაში. მშენებლობის გაგრძელება დაგეგმილია 2021 წლისთვისაც“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და „112“-ის გაერთიანებაც იგეგმება.
„ამ დროისთვის პოლიციის 2 შენობის მშენებლობა ომალოსა და გურჯაანში გეგმითაა გათვალისწინებული. ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანებას. ინციდენტებზე რეაგირების ხარისხის გაზრდისთვის ასევე იგეგმება, ინიციატორთან უკუკავშირის სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც საპოლიციო მომსახურების პროცესისა და ხარისხის შეფასება განხორციელდება,” – განაცხადა გომელაურმა.