,,ქუთაისი თავისუფლებისთვის” – ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქცია 18:00 საათზე მესხიშვილის თეატრთან დაიწყო და მსვლელობით მერიასთან გაგრძელდება. მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებასა და რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
როგორც აქციაზე განაცხადეს ქართველი ხალხი ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს. პროტესტანტები მოითხოვენ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით.
“არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ! მატყუარები არ უნდა მართავდნენ ქვეყანას! პრორუსი ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ საქართველოს! ერთად ერთის წინააღმდეგ!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
სტუდენტების მიერ დაანონსებულ აქციას პოლიტიკოსებიც უერთებიან.
საპროტესტო აქცია-მსვლელობა “ჩვენ გადაგვაგდეს” ქუთაისში გუშინაც გაიმართა.