მ/წლის 30 აგვისტოს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაგეგმილია კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ჩატარება.
პროექტში ,,გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი“ მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები:
კახა ცაბაძე, მაია ჯაბუა, აჩიკო ბერიძე, ნეკა სებისკვერაძე, თემურ თათარაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, აჩიკო გოგიტიძე, მარიკო ებრალიძე, გოგიტა გეგელაშვილი, კახა იშხნელი, ასევე ანსამბლები: ,,თბილისური კვარტეტი“, ,,ფორტე“. პროექტის ავტორები არიან დავით მაზანაშვილი და ანა სალუქვაძე, სცენარის ავტორი და წამყვანია ნიკოლოზ წულუკიძე. ღონისძიების განხორციელების უფლება კახა ცაბაძის, როგორც გიორგი ცაბაძის მემკვიდრის მიერ გადაეცა შპს „ტემპო არტს“-ს (ს/კ 405678333).
პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში.
ფესტივალის მიზანია ყველასათვის საყვარელი სიმღერების, მიუზიკლების, ოპერეტებისა და მუსიკალური კომედიების, მრავალი სპექტაკლისა და ფილმის მუსიკის ავტორის გიორგი ცაბაძის შემოქმედების კიდევ ერთხელ გახსენება და ფართო აუდიტორიის წინაშე გაჟღერება. ღონისძიებაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება კომპოზიტორის ბიოგრაფიიდან მოისმინოს უცნობი ისტორიები და იხილოს კადრები, რომლებიც ამ დრომდე არსად გამოქვეყნებულა.