ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური საღამოები იმართება. 22 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. გაჟღერდება ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები ტრადიციული საკრავების თანხლებით.
ანსამბლის წარმომადგენლებმა მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე. მოიძიეს სიმღერები, ცეკვები პირველწყაროდან და სწავლობენ მათ.
2013 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანადგომით ანსამბლმა გამოსცა აუდიოალბომი.
2014-2016 წლებში გამართა ათზე მეტი სოლო კონცერტი საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში.
2015-2016 წლების ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში, ანსამბლს ლაურეატის წოდება ხალხურ სიმღერასა და ცეკვაში მიენიჭა.
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი 2010 წელს შეიქმნა. რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა და ცეკვა. აქცენტი გამორჩევით კეთდება იმერულ სასიმღერო დიალექტსა და ქორეოგრაფიაზე.
შემდეგ კონცერტი სვანური ანსამბლის ,,რიჰოს“ მონაწილეობით 24 ნოემბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება.
პროექტი ხალხური საღამოები შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.