საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ სისხლიანი ბანერები ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გააკრა და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“მიმართ.
მისივე თქმით, ბანერების შინაარსს ეთანხმება.
„იქედან გამომდინარე, რომ მთლიანად სიძულვილის კამპანიაა, სატელევიზიო რეკლამები აქვთ „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, სადაც სიკვდილზე ლაპარაკობენ, სიკვდილისთვის გაწირვაზე ლაპარაკობენ, იგინებიან, იმუქრებიან და ეს ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
ამ დროს ერთ-ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა ბანერები და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ და ამაზე აღშფოთდნენ. შინაარსი მისაღებია თუ არა ჩემთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მიუღებელია ის შინაარსი, რასაც პარტიული ტელევიზიები და მისი ე.წ. მენეჯერები აკეთებენ – პირდაპირ ეთერში იმუქრებიან და პროვოკაციებს აწყობენ. ამ დღეების განმავლობაში იყო ქარელის პროვოკაცია, ხელვაჩაურის პროვოკაცია, ქუთაისის პროვოკაცია, ეს ყურადღების მიღმა რჩება – ბანერებზე ასახული კონკრეტული ადამიანის პოზიცია კი თურმე არის ძალადობისკენ მოწოდება. ორმაგი სტანდარტის ამგვარი ხარისხია მიუღებელი. ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება ის რეალობა, რომელსაც შინაარსში ვეთანხმები“, – განაცხადა მდინარაძემ.