კონგოს რესპუბლიკაში ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის დატყვევებიდან 3 წელი გავიდა.
„ამ დროის მანძილზე სახელმწიფომ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და არ გაატარა ეფექტური ღონისძიებები სოსო ოსორაულის ტყვეობიდან გამოსახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად.
2017 წლის 27 იანვარს ორი MI-24 ტიპის შვეულფრენი ავარიულად დაჯდა ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, რომელსაც მართავადა იოსებ (სოსო) ოსორაული. ავარიული დაჯდომის შემდეგ ოსორაული აღმოჩნდა კონგოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ე.წ „23-მარტის“ მოძრაობის ამბოხებულთა ტყვეობაში, რომელსაც გენერალი სულთან მაკენგა ხელმძღვანელობს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოპოვებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადასცა. 2017 წლის ოქტომბრის თვეში მთავარმა პროკურატურამ სოსო ოსორაულის საქმეზე დაიწყო გამოიძება სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
ოჯახის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ოსორაულის ოჯახს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. უცნობია, რა ღონისძიებები გაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის გამოსახსნელად.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას: გაატარონ ქმედითი ნაბიჯები სოსო ოსორაულის სამშობლოში დასაბრულებლად. გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანოს დადგენილება და სოსო ოსორაულის ოჯახი ცნოს დაზარალებულად“, – იუწყება „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.