პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, პ.გ-ს ბრალი წარუდგინა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მის უკან მდგომ ქვეითებს: მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს, ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე.ა. და ე.მ. შემთხვევის ადგილზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.
სამართალდამცველებმა პ.გ. 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულ პ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.