დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში შემოსატან ვაქცინათა შორის, “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინები განიხილება.
“ამ ეტაპზე, ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი – ეს არის „ფაიზერის“, რომელიც არის ლიმიტირებული და რომელზეც შეთანხმება და დასტურია, რომ აძლევენ საქართველოს დაახლოებით 29 250 დოზას; მეორე ძირითადი მიმართულებაა „ასტრაზენეკა“. მუშაობა მიმდინარეობს „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. აქაც დასტურია, რომ მარტის შუა რიცხვებში სადღაც 180 000-დან 300 000 დოზამდე გადმოგვეცემა პირველ ეტაპზე. „კოვაქსის“ მეშვეობით ჩვენ გვაქვს შეკვეთილი წლის განმავლობაში მისაღები 1 400 000 დოზა, ახლა მიმდინარეობს ბიუროკრატიული მექანიზმების დაძლევა, რომლის დამთავრების შემდეგ ეს პირველი პარტია დაიძვრება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა”, – აღნიშნა გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ვაქცინების შემოტანა და ვაქცინაციის პროცესის დაწყება არაერთხელ დაანონსა, თუმცა, ჯერ უცნობია, შეაფერხებს თუ არა ამ პროცესის დაწყებას პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.