ტყიბულელი მეშახტეები შახტის ადმინისტრაციაში „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვდნენ და მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტემ ონისე საპანაძემ განაცხადა, რომ მეშახტეებს ჯაყელმა განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის და მეშახტეებს რამდენიმე დღეში ეცნობებათ გადაწყვეტილების შესახებ.
როგორც ონისე საპანაძე აცხადებს მეშახტეებსა და „საქნახშირს“ შორის შეთანხმება ვერ შედგა და მეშახტეები მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქციას ხვალ დილით, 10 საათიდან ისევ განაახლებენ. მათ იმედი აქვთ, რომ აქციას ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდება.
ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტში ჩასული მეშახტეები ამდრომდე ადგილზე რჩებიან და არ აპირებენ ამოსვლას, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.