სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ ასეთ დროს დისტანცია უნდა იყოს დაცული.
„სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”, – განაცხადა იმნაძემ.