სუს – თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები. როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, პეტრიაშვილები, 26 მაისის აქციის პოლიტპატიმრები არიან.
სუს-თან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს წარმომადგენელმა გიორგი გადელიამ განუცხადა, ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.